საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ სხვადასხვა სტრუქტურაში არაეფექტურად გადანაწილებული ქონების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით პროვატიზებაზე გავიდეს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ყველა რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტიანად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტიანად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება“, - ამბობს გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ობიექტებიდან 38-ზე მეტი უკვე პრივატიზებულია.
''მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი თვის წინ, 100 ახალი შეთავაზება ბიზნესს, ძალზე წარმატებულად განვითარდა. 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. როგორც დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა.
ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი, ახალი იდეა. ეს სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით იგივე მიდგომაა, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. ბუნებრივი რესურსების მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტიანი მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.