მართლმადიდებელი სამყარო, ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება, დღეს, მორწმუნეებისთვის მძიმე მარხვაა. ღამით ბათუმში, ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალი შესრულდება. ნათლისღებას ტაძრებში, წყლის კურთხევის მსახურება-დიდი აიაზმა სრულდება, ქრისტიანები ნაკურთხ წყალს, მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს.
ქრისტიანულ სამყაროში ნათლისღება, ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სახარების თანახმად ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ.