ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების მიერ ორგანიზებული მერე შეხვედრის შემდეგ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგის ფონზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოულოდნელი აღმოჩნდა. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ''ქართული ოცნების'' იდეას ახმოვანებს.
ამბობს, რომ 2020-ის არჩევნებამდე ისეთი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა მიიღონ, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება მხოლოდ 2024 წლამდე გაგრძელდება. მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან და აღარ შეეცდებიან რეფერენდუმის გამართვას 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებლად.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა მმართველმა პარტიამ ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტის მიღებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება შეუძლებელი იყო. მოქმედი კონსტიტუციით, 2020 წლის შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა მაჟორიტარების ე.წ. ბუნტის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართ. ოცნებას არც 2024-ის არჩევნების ჩატარება სურს პროპორციული სისტემით და მამუკა მდინარაძის განცხადებით პარტია ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში გარანტიებს იქმნის. ამ ფონზე სრული გაურკვევლობაა რეგიონში. იმისთვის, რომ გაირკვეს, როგორი სისტემით აირჩევენ აჭარის უმაღლეს საბჭოს მომავალ წელს, ქართ. ოცნების რეგიონული აქტივი ცენტრის გადაწყვეტილებებს ელოდება.