აჭარაში აიპების, ბაღების, სამუსიკო და საჯარო სკოლების თანამშრომლებს აქციაზე წასვლას აიძულებენ - სახალხო დამცველი 

13 დეკემბერი 2019, 17:40 5159 ნახვა

"მოქალაქეების განცხადებით, აქციაზე მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ," - ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი წერს.

ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა ინფორმაცია, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა, სავარაუდოდ,  14 დეკემბერს, თბილისში დაანონსებული "ქართლი ოცნების" აქციაზე წასვლაზე იძულების შესახებ.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაადგინეს, რომ  თვითმმართველობებში არსებულ აიპებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებზე ირიბი და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება. 

"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში" - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამ საკითხზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც მოამზადა სიუჟეტი. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იძულებით არავის მიჰყავს საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეები,  იქვე აღნიშნა რომ აჭარიდან აქციაზე ათასობით მოქალაქე იქნება

კატეგორიულად უარყო შესაძლო იძულების და ზეწოლის ფაქტები ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. თქვა, რომ ამაზე საუბარი, რომ  სისულელეა და  ეუხერხულება კიდეც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი