"შეშას რომ შეიტანენ და თავში ჩაარტყამენ პოლიციელს, ეს ნორმალურია" - შსს მინისტრი აქციაზე შეშის აკრძალვაზე  

28 ნოემბერი 2019, 10:50 1465 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციას დავშლით თუ  მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ.

„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?  შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი  ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოსახატად ელემენტარული პირობები ჰქონდათ. მისივე თქმით, მათ შეშის ნაცვლად გასათბობად გენერატორები უნდა გამოეყენებინათ.

"მათ ჰქონდათ  გენერატორები, შემოეტანათ პლიტები ჩაერთოთ და გამთბარიყვნენ. მაგაზე პირიქით მოგეხმარებითთქო ვუთხარით. ეს რომ ნახეს, რომ არ ვუშლიდით, პლიტები არ გვინდაო, შეშები, ფეჩები და ბოჭკები გვინდაო, იმიტომ, რომ იმას ვუშლიდით. ეს უბრალოდ ჭიდაობაა"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში