აქციაზე რეზინის ტყვიებს სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით ისროდნენ - საია 20 ივნისის მოვლენებს აფასებს

27 ნოემბერი 2019, 15:45 2150 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 20-21 ივნისის მოვლენებს აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ"- ვკითხულობთ ანგარიშში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დაფიქსიდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს;

"არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით"- წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია, რომ აქციაზე ადგილი ჰქონდა  მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს;

20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას –  ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სრული ანგარიში იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი