ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გადაცემის წამყვანმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 26 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მის შოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა, ვიდეო კი მას ბავშვის დაბადების დღეზე გაუგზავნეს. ავრცელებს ვიდეომასალაც, რომელიც გვარამიას მტკიცებით თვალთვალის დროს, სამართალდამცველების მიერ, სხვა მანქანიდან არის გადაღებული.
"მე ბოდიშს ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ჩემი საქმიანობით ოდნავ მაინც შევზღუდე თავისუფლება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სამართლიანი საზღაური იყოს ჩემს წინააღმდეგ, ჩემი უდანაშაულო, არასრულწლოვანი შვილის და უდანაშაულო ცოლის თვალთვალი. აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ჩემს შვილს და ცოლს დასდევდნენ სუსის აგენტები. ამ მანქანის გამოყენების შესახებ, მე ისეც დავადასტურებდი, ეკითხათ" - ამბობს ნიკა გვარამია.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს პროკურატურაში უთხრეს, რომ ეს არა თვალთვალი, არამედ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულებაა, რომელიც ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე უნდა წარადგინოს პროკურატურამ. რაც შეეხება კითხვას, გაუგზავნეს თუ არა ვიდეო გვარამიას, უწყებაში განმარტავენ, რომ 4 დეკემბერს, სასამართლოში საქმის განხილვაა ჩანიშნული, შესაბამისად, კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით, ადვოკატმა და გამომძიებლებმა მასალები გაცვალეს.
"ეს არ არის ოჯახზე თვალთვალის ვიდეო, ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს განჩინებით არის მოპოვებული, (მტკიცებულების სახით გადაეცა ნიკა გვარამიას ადვოკატს) რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი2-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, სარგებლობდა ნიკა გვარამია და მისი ოჯახი" - აცხადებენ პროკურატურაში.