ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში 2 წლის გოგო დაშავდა - ექცევათ თუ არა სათანადო ყურადღება ბავშვებს?

21 ნოემბერი 2019, 15:51 16047 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო ბაღში, 2 წლის ბავშვი ჯგუფელმა დაკბინა. ამის შესახებ მშობელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ბაღში მივიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. 

ბაღის დირექტორი არ მალავს, რომ გოგონას ჯგუფელმა მართლაც უკბინა. ჰყვება, რომ პატარას ყინულის საფენები დაადეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ლეილა აბაშიძე ირწმუნება, რომ ძიძას და მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა. 

კერძო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე 54 ბავშვი სწავლობს, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა. ​ბაღში დამონტაჟებული არ არის კამერები. 

მშობელი სტატუსში გულგრილობასა და უპასუხისხმგებლობაზე საუბრობდა. ''დაიცავით ბავშვის უფლებები'' - წერდა მარიამის დედა სოციალურ ქსელში. 

''გულგრილობას ვერ ვიტყვი, ძიძას და მასწავლებელიც ბავშვებზე გადაყოლილები არიან. ორივემ საყვედური მიიღო, ალბათ უყურადღებობა იყო, არ უნდა მომხდარიყო. მე მინდა მშობელი იყოს კმაყოფილი და ბავშვი იყოს კარგად. დიდი პასუხიმგებლობა მაკისრია და ვღელავ, ასეთი შემთხვევისგან არცერთი ბაღი არაა დაზღვეული'' - უთხრა მაუწყებელს ლეილა აბაშიძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გოგონას დედასაც დაუკავშირდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ფეისბუქზე კი, შეტყობინებებს ამ ეტაპზე (16:05) არ პასუხობს. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში