აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსი ხვალ განახლდება

18 ნოემბერი 2019, 19:59 1710 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსი ხვალ, 19 ნოემბერს განახლდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კონკურსის შეჩერების თაობაზე.

24 სექტემბერს ერთ-ერთმა კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება, მაშინ მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. 

გიორგი კოხრეიძე სადავოს ხდიდა 22 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნების შედეგებს. ის მიიჩნევდა, რომ ხმათა უმრავლესობა - მრჩეველების 2 ხმა, განმეორებით კენჭისყრაზე მან მიიღო და ბათილად უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, კონკურსის ჩაშლის თაობაზე. 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში 30 სექტემბერს გაიგზავნა. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა და მედია ექსპერტებმა პროცესის ხელოვნურად, შეჩერების მცდელობად აღიქვეს და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

ორი თვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოაქვეყნა. 

​''ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღების ეტაპზე, თუ სასამართლოს მხრიდან სრულყოფილად იქნებოდა გამოკვლეული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ჰქონდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ასევე მისი გადაუდებელი აღსრულებით მოსარჩელისათვის არსებითი ზიანის მიყენების თაობაზე დასაბუთებული ეჭვისთვის, შესაბამისად კი არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29 მუხლის მესამე ნაწილის გამოყენების წინაპირობა. ამდენად კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ 2019 წლის 25 აგვისტოს გამოცემული ინდივიდუალური აქტის გადაწყვეტილების მოქმედება.  

კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება'' - წერია განჩინებაში. 

საბუთების მიღება ხვალ, 19 ნოემბერს დილის 9 საათიდან  განახლდება და 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში