პარლამენტის პიკეტირება და რუსთაველის გადაკეტვა, ამ მომენტში სწორი გადაწყვეტილებაა - დავით ჯანდიერი 

17 ნოემბერი 2019, 21:00 1712 ნახვა

იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ კანონპროექტის ჩაგდებით ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა, ჩიხიდან გამოსავალი კი მოქალაქეებმა უნდა იპოვონ.  

''მე არა ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როგორც მოქალაქე ისე ვდგავარ ამ აქციაზე. არ შეიძლება არ გამოვხატო, პროტესტი, ცუდი დამოკიდებულება, ან უკმაყოფილება იმ ფაქტის მიმართ, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. ხელისუფლებისგან ყველანი მიჩვეული ვართ ტყუილს, მაგრამ ის რაც მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩიხში შესვლა, ამით ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მოსაძებნი და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ადამიანებმა. თუ კვლავ შევინარჩუნებთ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც გვაქვს, მაშინ 2020 წლის შემოდგომაზე ამომრჩევლების ნება არ იქნება ადეკვატურად ასახული შედეგებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოხდება არეულობა და ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლით დაბრუნდეს უკან'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იურისტმა. 

დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას პროცესების მშვიდობიანად მოგვარების ბერკეტი აქვს.

''თითეული ჩვენგანის მოვალეობა და ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზების მეშვეობით უკან წაიღოს ეს ტყუილი, ის თაღლითობა, რაც მან ჩაიდინა და მისცეს ხალხს საშუალება აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც მას სურს...''

ლაშა ზარგინავა: ხედავთ პარალელებს 20 ივნისთან. დღესაც პიკეტირებულია  პარლამენტის  შენობა. შეიძლება გართულდეს მდგომარეობა თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს? 

დავით ჯანდიერი: აბსოლუტურად განსხვავებულია ფონია, ვიდრე იყო 20 ივნისს, მაშინ შეურაცხყოფილი ადამიანები გამოვიდნენ სხვა მიზეზით, ეს მდგომარეობდა გავრილოვის ჩამოსვლაში. დღეს კი, როცა ხელისუფლება უკან არ იხევს, ალბათ არ აქვთ გასიგრძეგანებული პრობლემის მნიშვნელობა და სიღრმე. 20 ივნისი მთავარი მონაპოვარი იყო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება, დღეს ამ მონაპოვარს ხელისუფლება ხალხს ართმევს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია დღეს ოპოზიცი, იურისტი ამბობს, რომ ამ ვითარებაში პიკეტირების და ქუჩის გადაკეტვის გადაწყვეტილება სწორია.

''მათი მოქმედებები საკმარისად თანამიმდევრულია. ის რომ გაადწყვიტეს მოხდეს პარლამენტის პიკეტირება და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს არის სწორი, იმიტომ რომ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და ამ ხაზს უკან დახევა არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ხალხმა უნდა აირჩიეს ხელისუფლება და მთავრობაში იმ დოზით უნდა იყვნენ, რა დოზითაც მოქალაქეები გადაწყვეტენ. გამოხატვის თავისუფლება არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. ეს უფლება ქართველი ხალხისაა. ყველას აქვს უფლება გააპროტესტოს. ამ სიტუაციიდან ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს მშვიდობიანად, მიიღოს კანონპროექტი'' - განაცხადა პირდაპირი ჩართვის დროს იურისტმა დავით ჯანდიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი