ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერი პირები დილიდან იკრიბებიან. მათი ნაწილი ამბობს, რომ სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და მღვდელმთავრად წარდგენილ გრიგოლ კაციას არ მიიღებენ. სასულიერო პირების თქმით წმინდა სინოდის წევრებმა უსამართლო გადაწვეტილება მიიღეს.
სამლოცველო პეტრე ცაავამ უკვე დატოვა. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სალხინოში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში პატარებთან დასამშვიდობებლად წავიდა.
''ყველაფერი კარგად იქნება'' - ამბობს პეტრე ცაავა, რომელსაც მღვდელმსახურების უფლება სინოდის გადაწყვეტილებით გუშინ შეუჩერდა.
''მადლობა, რომ პეტრე ცაავა სწორედ სიმართლისთვის დაისაჯა'' - ამბობენ ჭყონდიდის ეპარქიის წარმომადგენლები.
''ჩვენ რა განცხადებებიც მოვისმინეთ ეს იყო ჭეშმარიტად ნათქვამი. გვჭირდება პასუხები, რაც მეუფე პეტრემ დასვა. ეს იყო სწორი ფორმულირება საეკლესიო კანონიკით, სწორი გადაწყვეტილება. სწორედ სინოდში უნდა მომხდარიყო ამაზე პასუხების გაცემა და რეაგირება და არა შფოთი და ვაი-ვიში. შესაბამისად, რადგან ასე გადაწყვიტეს, რომ შიგნით საკითხი ''კლუბურად'' გადაეწყვიტათ, შესაბამისად ვინც აქ ჩამოვა ყველას მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ დაუკმაყოფილებლობის განცდა გვაქვს, ვინაიდან მათ არ მოუხდენიათ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა'' - ამბობენ სასულიერო პირები.
ეპარქიაში ამ წუთებში, მეუფე გრიგოლს ელოდებიან, რომელიც თბილისიდან მარტვილში მიემგზავრება.