გადავწყვიტე, გამოვისყიდო წყალტუბოში უკლებლივ ყველა სასტუმრო და აბანო - ბიძინა ივანიშვილი

29 ოქტომბერი 2019, 13:31 3070 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა ობიექტის შეძენას და გეგმავს. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ამით შანს აძლევს კურორტს თავიდან აღორძინდეს, ხოლო სახელმწიფოს საკუთარი ფინანსური რესურსებით ეხმარება.  

 "დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა...

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით." - წერს ბიძინა ივანიშვილი.

სრული განცხადების გასაცნობად გადადის ბმულზე... 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი