ბულვარში, აკრძალვების მიუხედავად ელექტრომობილები სასეირნო ზოლში მოძრაობენ 

22 ოქტომბერი 2019, 12:52 1814 ნახვა

''ბათუმის ძველ ბულვარში 6 წლის გოგონა თვითგორიალათი (სამაკატით) სეირნობდა. ვმოძრაობდით ზოლში, სადაც წესით ელექტრომობილებს, კვადროციკლებს და ველოსიპედებს არაფერი ესაქმებათ. ელექტრომობილი მოსეირნე ბავშვისკენ ძალიან სწრაფად მოდიოდა, თან ტელეფონით ვიდეოს იღებდა, ტრანსპორტს კი, ცალი ხელით მართავდა. ბავშვი გზიდან, რომ არ გადასულიყო არ ვიცი რა მოხდებოდა. ტურისტი იყო, ტელეფონი გათიშა და გზა გააგრძელა, ალბათ უბრალოდ ვიდეო აღარ გამოუვიდა ისეთი, როგორიც უნდოდა. 

რამდენი თვეა გვესმის, რომ ბულვარში მოძრაობა აიკრძალა, ამ ზოლში არ უნდა გადმოვიდნენ, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. თუ მეცოდინება, რომ ყველგან დადიან, მე ვიქნები ფრთხილად. არც დაცვა იყოს ახლოს, რომ მეთქვა, დააჯარიმებდნენ მაინც, თუმცა ეს ზოგად სურათს არ ცვლის. იქ ჩემი შვილის გარდა, ათობით ბავშვი იყო,'' - უყვება მოქალაქე აჭარის მაუწყებელს. 

ბულვარის ნაწილში, ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით მოძრაობა რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. გადაწყვეტილება სწორედ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად მიიღეს. აკრძალულ ზონაში მოძრაობისთვის ჯარიმა 20 ლარია. გამქირავებლებმა ტრანსპორტის გაცემის დროს მომხმარებელი უნდა გააფრთხილოს, აუხსნას წესები და ის საზღვარი, სადაც მოძრაობა ნებადართულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ აკრძალულ ზონაში მოძრაობისთვის სეზონზე (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) 42 ჯარიმა დაიწერა, მათ შორის ბოლო 16 ოქტომბერს. 57 პირს კი, დაცვის პოლიციამ ელექტრომობილი ჩამოართვა.

კონტროლს მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს, რომელშიც 8 კაცია. ისინი ახალ და ძველ ბულვარში მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ. 

''ტურისტულ სეზონზე ზეგანაკვეთურადაც  მუშაობდნენ, ღამის 2 საათამდეც რჩებოდნენ, ბევრი ხალხი იყო და აკონტროლებდნენ. ამ ეტაპზე ერთ ცვლაში 9-დან ექვს საათამდე 6 მონიტორი მუშაობს. მომავალი წლიდან დამატებას ვაპირებთ. ​არასეზონზე, შაბათ-კვირას რამდენიმე ფაქტი მაინც ფიქსირდება. ბულვარი ღია სივრცეა და გარედანაც შემოდიან. შესაძლოა მაკონტროლებლები იმ დროს კონკრეტულ მონაკვეთზე არ იყვნენ. მოქალაქეებს შეუძლიათ დაცვის პოლიციასაც მიმართონ და მათაც ექნებათ რეაგირება. დღეს ელექტრომობილის მეპატრონეებს კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ. ასევე დაცვის პოლიციასაც. გასულ წელთან შედარებით მოქალაქეების დაშავების შემთხვევებიც შემცირებულია, აკრძალვების დაწესების დროს, მხოლოდ დასაწყისში იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მსუბუქად დაშავების,'' - უთხრეს მაუწყებელს ადმინისტრაციაში. 

ბულვარში ფეხით მოსიარულეებისთვის ცალკე ზოლია, ელექტრომობილები კი, ველობილიკზე უნდა მოძრაობდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი