შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს - საია

16 ოქტომბერი 2019, 10:44 1953 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დასკვნამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად მივიდნენ. 

მესამე სექტორის წევრების განმარტებით, მოქალაქის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა, არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სამართალდამცავი უწყებები კი, მუშაობის დროს ამ დადგენილებას არ ითვალისწინებენ. 

''საქმეთა განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად იყენებს საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან (info.police.ge) ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების დადების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებას საფუძვლად დაედო საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში, სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას'' - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი