პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესების მსურველ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმინეს. მთავარი ეპიზოდი და დაპირისპირება ორ საქმეს და მასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხს ეხებოდა, ესენია თამბაქოს ბიზნესის, ანუ „ფილიპ მორისის“ და საავიაციო ქარხნის საქმეები.
მოსამართლე ოპოზიციონერმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კორუფციაში და კონკრეტულ ბიზნესმენებთან გარიგებებში დაადანაშაულეს.
ამასთან გაუხსენეს ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღმდეგ დაწყებული დავა, რომელიც მოსამართლემ იმ სასამართლოშიც წააგო, რომელშიც ახლა თავადაც სურს გამწესება.
კიდევ უფრო საინტერესო იყო ის დეტალი, რომ კაკაბაძემ იმისთვის, რომ დაუსაბუთებლად მიჩნეული საქმე მოიგოს, დავის დაწყება ქვეყნის წინააღმდეგაც არ გამორიცხა სტრასბურგში.