მძარცველები, რომლებმაც პირი ამიკრეს და მახრჩობდნენ, დავიმახსოვრე და პოლიციაში ამოვიცანი 

03 ოქტომბერი 2019, 12:30 4205 ნახვა

''შუადღე იყო, კარზე დამიკაკუნეს, მითხრეს მეზობლები ვართო და შემდეგ სახლში შემომივარდნენ, მემუქრებოდნენ, მახრჩობდნენ, ოქროს, ბრილიანტებს და ფულს მთხოვდნენ'' - იხსენებს აჭარის მაუწყებელთან ოლია ყურშუბაძე. 45 წლის ქალი, რამდენიმე დღის წინ, შუადღისას დააყაჩაღეს. ყვება, რომ სახლში მარტო იყო, ბინაში სამი მამაკაცი შევიდა, მათგან ერთს კი ნიღაბი ეკეთა. 

დაზარალებულის თქმით, მძარცველების გარეგნობის აღწერა შეძლო, პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი, ბრალდებულები ამოიცნო. 

ოლია ყურშუბაძემ მაუწყებელს უთხრა, რომ მძარცველებმა მას პირი და ხელები წებოვანი ლენტით გაუკრეს. პოლიციის გამოძახება კი მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ქურდებმა ბინა დატოვეს. 

''ისეთი ტრავმირებული ვარ მიჭირს საუბარი. კარგი მეხსიერება მაქვს და შევძელი ყაჩაღების აღწერა და შემდეგ ამოცნობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ დეტალს ვერ გაგიმხელთ. სამივე მძარცველი ბინაში ცენტრალური კარით შევიდა. მხოლოდ ერთს ეკეთა ნიღაბი. ხელი და პირი წებოვანი ლენტით გამიკრეს, მარტო ვიყავი და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი. ქართველები იყვნენ, ქართულად საუბრობდნენ, მე მათ არ ვიცნობდი'' - ყვება ოლია ყურშუბაძე.  

ქალი საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის. 

შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ბინაში შეღწევისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. დაკავებულია ორი პირი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი