როდის აკრძალავთ სავალუტო ჯიხურებზე ტაბლოებს - ჭიაბერაშვილი ''ქართულ ოცნებას''

01 ოქტომბერი 2019, 15:02 1427 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა დღეს პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ''ქართული ოცნების წევრებს კითხვით მიმართა. როდის აკრძალავთ სავალუტო ჯიხურებზე ტაბლოებს? - დაინტერესდა ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს უთხრა, რომ ლარის რყევების გამო, ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში.

''შეიძლება ეს ნახევრად ხუმრობით დასმული კითხვაა, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეგულაციების გზით წავიდნენ, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, სინამდვილე, რომ შეელამაზებინათ, ან საბოლოოდ აკრძალეს ვალუტის გადაცვლა, ან ტაბლოები აკრძალეს ქუჩაში. არ სურდათ ხალხს დაენახა, როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას დოლართან მიმართებაში მათი ვალუტა.

როცა ლარი ამ მიჯნას გადაცდება, ერთადერთი გზა გაქვთ, მუდმივად „ოცნების“ ფერებში დახატოთ რეალობა. ის რეალობა, რომელიც გეუბნება, რომ ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში, თუკი აქვთ საერთოდ ეს მაცივარი სახლში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს ნუკრი ქანთარიამ უპასუხა. უთხრა, რომ მაცივარი არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხორაგით სავსე.

„ბატონო ზურაბ, საქმე იმაშია, რომ მაცივარი არც თქვენ დროს იყო ხორაგით სავსე. განსხვავება ის იყო, ზოგჯერ რომ გამოხსნიდა კაცი და ლიმონკა ხვდებოდა.''.

ერთი დოლარის ყიდვა დღეს მოქალაქეებს 2 ლარად და 97 თეთრად შეუძლიათ. დაახლოებით ერთ საათში კი, ეროვნული ბანკი ახალ გაცვლით კურსს დაადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი