ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ქმარმა კისრის არეში დაჭრა.
კისრის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით შემთხვევა ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ პოლიციამ ქმარი ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.