ბათუმის გარეუბნებში აუტანელი სუნის შესწავლა გარემოს ზედამხედველობის ინსპექციამ დაიწყო

29 აგვისტო 2019, 15:55 2047 ნახვა

ბათუმის გარეუბნებში, სპეციფიკური და მძაფრი სუნის შესწავლა გარემოს ზედამხედველობის ინსპექციამ უკვე დაიწყო. საკითხის მოკვლევა უწყებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა.

გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ მოკვლევა "მთავრის" სიუჟეტის საფუძველზე მიმდინარეობს. 

გდი-ში საკითხის შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ, აუცილებელია თუ არა იმ ობიექტზე ინსპექტირების ჩატარება, რომლის გამოც ბათუმის ტურისტულ ნაწილში მძაფრი და შემაწუხებელი სუნი დგას. 

"დავიწყეთ საკითხის შესწავლა, პროცესში თუ გამოვლინდება ინსპექტირების აუცილებლობა, მაშინ ინსპექციას ჩავატარებთ. როგორც იცით, ჩვენ ვსწავლობთ რეგულირების ობიექტებს, როგორც სიუჟეტში იყო ნათქვამი წყლის გამწმენდი ნაგებობის გამოა ეს სუნი. ეკოლოგიური დასკვნა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებაა ამ ობიექტზე გაცემული, ამიტომ თუ რაიმე კითხვები გაჩნდება, შევისწავლით ობიექტსაც" -  განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო დავითაძემ. 

გარემოს დაცვის სააგენტო ჰაერში შესაძლო გაბნეული ჯანმრთელობისთვის მავნე აირებს არავინ სწავლობს. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობდა

შექმნილ დისკომფორტზე ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებლები საუბრობენ. პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გაუსაძლისი სუნის გამო ტურისტები სასტუმროებს ტოვებენ,  მათივე თქმით, გახშირდა ინტოქსიკაციის შემთხვევები ბავშვებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი