ხულო-ზარზმის გზის დასრულება ამ ტემპით გაგვიჭირდება-თორნიკე რიჟვაძე

29 აგვისტო 2019, 15:17 1447 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან, შესაძლოა, აჭარის მთავრობამ კონტრაქტი შეწყვიტოს. აღნიშნულის თაობაზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, რომ კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს.

გზის რეაბილიტაციის გაჭიანურებას მთავრობის თავმჯდომარე კომპანიაში არსებულ პრობლემებს და მაღალმთიანი რეგიონის კლიმატსა უკავშირებს.

"სამწუხაროა, და ამავე დროს სიმართლეა, რომ კონტრაქტორს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ერთის მხრივ მოახდინოს კონტრაქტორთან კოორდინაცია და შეთანხმება. მიზანი არის რომ უახლოეს მომავალში გზის რეაბილიტაცია დასრულდეს, მაგრამ არსებული პროგრესით, გაგვიჭირდება. მიზნის მისაღწევად ყველა მექანიზმს გამოვიყენეთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

​ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. 22 ივლისს კომპანიში რომელიც ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ტერიტორიის გეოდეზური გადაღება და დამოწმება დასრულებულია.  აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, აგვისტოს ბოლოს დაიწყებოდა.

ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი  გზის რეკონსტრუქციას ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. მისი ღირებულება 110 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია ,,ტოდინი”,  თანაკონტრაქტორ თურქულ კომპანია ,,ნეტრასთან” ერთად ახორციელებს.

ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში