„ნიჟარების ნაცვლად, ნაგავი შევაგროვეთ პლაჟზე" - გვიყვება დასასვენებლად ქობულეთში ჩამოსული ცოლ-ქმარი, რომლებიც სანაპიროზე ნაგვის პარკებით შევამჩნიეთ.
როგორც ნონა ოქიტაშვილმა გვითხრა, ქობულეთში დასასვენებლად ქმართან ერთად ჩამოვიდა, თუმცა შვილის წამოყვანა ვერ მოახერხეს, ამიტომაც მისთვის ფერადი ქვების შეგროვება გადაწყვიტეს.
"ზღვის ქვებში უფრო მეტი ნაგავი აღმოჩნდა ჩაფლული, ვიდრე ფერადი ნიჟარები, რომლითაც უნდა გამეხარებინა შვილი, ამ ნაგავს ზღვის ტალღები ისევ ზღვაში შეიტანს, ამით დიდი ზიანი მიადგება გარემოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაგავი თავად მოგვეგროვებინა“
ნონამ და მინდიამ, 20-30 მეტრის რადიუსზე, ორი პოლიეთილენის პარკით სავსე ნაგავი შეაგროვეს. „როცა ნაგავს დავეძებდით ქვებში, გაოცებული გვიყურებდა დამსვენებლები. ალბათ, მეეზოვეები ვეგონეთ. შეგროვების პროცესში მოგვიახლოვდა ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ბანანის ქერქი მომაწოდა, რომ ჩამეგდო პარკში. ძალიან უცნაურია, რომ თავად მოქალაქეები არ ასუფთავებენ დაყრილ ნაგავს და აუცილებლად მეეზოვე ჰგონიხარ თუ ასუფთავებ შენს ირგვლივ გარემოს" - ამბობს მინდია.
სანაპიროს დასუფთავებისას "აქტივისტებმა" ზღვიდან გამორიყული მკვდარი თევზიც აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ სანაპირო ხშირია კოცონისგან დარჩენილი ნაკვერჩხლის კერები და ნასუფრალი, რომელიც პლაჟზე მყოფმა პიკნიკის მოყვარულებმა დატოვეს.
მინდია იუკურიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია სანაპირო პლაჟზე განთავსდეს სპეციალური ბანერები, რომელიც დამსვენებელს მიუთითებს, რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ, ხოლო დაყრის შემთხვევაში ჯარიმები უნდა მოქმედებდეს: "ქობულეთი მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ ამ საკითხზე, რომლებსაც უნდა ევალებოდეთ ზღვისპირა პლაჟის დასუფთავება და ინტენსიური კონტროლი".
ქობულეთის მერიის პრესსამსახურში ამბობენ რომ ზაფხულის სეზონზე სპეციალური მობილური ჯგუფი მუშაობს პლაჟზე, სისტემატურად ალაგებენ და ასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს.
"ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის მიერ შექმნილი ჯგუფები, ყოველ დილით, 6-საათზე ასუფთავებენ სანაპირო ზოლს, დღეში ორჯერ. ხარისხიან დასუფთავებაზე და შემოწმებაზე პასუხისმგებელია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მერიის სამსახურების მიერაა შექმნილი. ისინი პლაჟს ამონიტორინგებენ კვირაში 7 დღე" - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება ადამიანების დაჯარიმებას, რომლებიც პლაჟს აბინძურებენ მსგავსი პრაქტიკა მუნიციპალიტეტს არ აქვს. არც შესაბამისი საჯარიმო სანქციები აქვს საკრებულოს მიღებული. მერიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე შემთხვევა ჰქონიათ, როცა იდენტიფიცირებული იყო პირი, ვინც პლაჟზე ნაგავი დაყარა, თუმცა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.