ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის დღე - საქართველოში პირველად აღინიშნება 

23 აგვისტო 2019, 15:46 2663 ნახვა

ქალთა მოძრაობის ინიციატივით, დღეს, 23 აგვისტოს ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის დღის აღინიშნება.   ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ქალს 36% ნაკლებ თანხას უხდიან, ვიდრე კაცს, რომელიც იგივე სამუშაოს ასრულებს. ქალთა მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ეს მოცემულობა ქალებს ოჯახზე დამოკიდებულს ხდის და ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე.

მოძრაობა ითხოვს ითხოვს კანონმდებლობით აიკრძალოსსახელფასო დისკრიმინაცია;

"წელს პირველად, გვსურს აღვნიშნოთ სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღე. საქსტატის ინფორმაციით საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია, რაც ნიშნავს რომ კაცის მიერ გამომუშავებული ყოველ ერთი ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს. 36% სახელფასო სხვაობა ასევე ნიშნავს, რომ დღეიდან - 23 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას.

კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას; სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე - რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს; სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს.

სახელფასო სხვაობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

სახელფასო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით;

აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთი;

“შუშის ჭერი”, ანუ უხილავი ბარიერები დაწინაურებაში;

სამსახურების დაყოფა ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია). მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. უცხო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელფასო სხვაობა დაიძლევა კონკრეტული რეფორმების გატარების გზით. ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

შრომის კოდექსით აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია;

შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს;

სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს;

შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები;

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია" - წერია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი