„სახლში დამიბრუნეთ უდანაშაულო მამა“ , „ თავისუფლება უდანაშაულო მეუღლეს“ , „თავისუფლება ჩემს ძმას“ - ამ წარწერებით დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქცია 4 დაკავებული პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. მათ ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტილი აქვთ, ადგილზეა საპატრულო პოლიციაა, რომელიც ცდილობს გზა გახსნას.
მოქალაქეები 2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ 6 თვის წინ დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან, რადგან პირი, რომელსაც რეალურად ჰქონდა იარაღი თავისუფალია.
აქციის მონაწილეები სამართლიან და დროულ გამოძიებას ითხოვენ.
" გაიმართა არაერთი სასამართლო სხდომა, რომლებზც ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ვითხოვდით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ისინი მძიმე მდგომარეობაშ იმყოფებიან, უნდა გათავისუფლდნენ" - ამბობენ დაკავებულების ახლობლები.
2 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში, პაციენტის მნახველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დაჭრეს, 5-ს კი სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების,იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.