ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში 4 ახალგაზრდა მოხვდა - ერთი გარდაიცვალა 

20 აგვისტო 2019, 19:01 25754 ნახვა

ბათუმის ბულვარში მდებარე  ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დილის 5 საათზე, რამდენიმე ახალგაზრდა სავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ ისინი მოიამლნენ და შეუძლოდ გახდნენ. 

კლინიკა მედცენტრში გადაყვანილი 4 პაციენტიდან,  3 ახალგაზრდა კაცი და ერთი ქალი იყო. ისინი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი 22 წლის ბიჭი კი გარდაიცვალა. 

კლინიკა მედცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გარდაცვლილი პაციენტი 19 აგვისტოს, გამთენიისას 5-ის 5 წუთზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. 22 წლის ახალგაზრდა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტი 17:20 წუთზე გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა".

TV-25 ინფორმაციით, ღამის კლუბიდან მედცენტრში გადაყვანილი ორი პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მედიასაშუალებას წყარომ უთხრა, რომ სავარაუდოდ ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.   

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში