"ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი" - ირაკლი ღარიბაშვილი

07 აგვისტო 2019, 15:43 1557 ნახვა

რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი-ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს.

მისივე განმარტებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მან ტერიტორიების ოკუპაციაში წინა ხელისუფლება და მისი ლიდერი დაადანაშაულა და ის ბრძოლის ველიდან გაქცეულ მთავარსარდლად მოიხსენია.

„მაგრამ იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!“-წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი