"რუსეთის აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს"-ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, აგვისტოს ომის წინ აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე.
"რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას.
საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით"-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.