ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილებას დაჩქარებული წესით, დღესვე ითხოვს.
‘’წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას - აღარ არსებობს უკვე არანაირი დაბრკოლება იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ანუ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ.
დადასტურდა, რომ სასამართლოში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპული სასამართლოს მიერ’’ - ამბობს პაატა სალია.
ხალვაშის ადვოკატმა ჟურნალისტებთან მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. პაატა სალია ამბობს, არანაირი ჩარევა და მითითება არ იქნება,ის ამბობს, რომ ჟურნალისტები სურვილისამებრ გააგრძელებენ მათ საქმიანობას.
‘’ძალიან ნაადრევია ვისუბროთ ახლა ჩვენს კონკრეტულ გეგმებზე. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა გვხვდება კომპანიაში, მატერიალური და ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ვალდებულებების ნაწილში. რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა და ამაზე ქიბარ ხალვაშმა ცალსახა პოზიცია დააფიქსირა, რომ არანაირი ჩარევა, მითითება არ იქნება ჟურნალისტების მიმართ მათ საქმიანობაში. ისინი გააგრძელებენ საქმიანობას როგორც თვლიან საჭიროდ. მე როგორც საქმიანობა მესახება მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებული და არა სამაუწყებლო ნაწილთან’’- განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.