ქარელის ყოფილმა ვიცე-მერმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ეკლესიასთან ბრძოლის სურვილი აქ აქვს, თანამდებობიდან კი ზეწოლის გარეშე, საკუთარი სურვილით წავიდა.
''იმოქმედონ რისი უფლება და საშუალებაც აქვთ, მეტი რა ვქნა.... მე ჩემი არც თანამდებობა და მითუმეტეს დღევანდელი მდგომარეობა ეკლესიასთან ბრძოლის სურვილს არ მაძლევს...
არავის დაუძალებია, პირადი განცხადებით წავედი. ასე, რომ გართულდა და გახმაურდა ეს ამბავი. ტელევიზიებმა, რომ ''წაიჭამეს'' თავი ტყუილით თუ მართალით - წავედი'' - ამბობს ნუგზარ დაბრუნდაშვილი.
ქარელის ვიცე-მერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების სავარაუდო, შევიწროებაზე ისაუბრა თანამდებობიდან დღეს გადადგა.
მან 1 ივლისს გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას თქვა, რომ ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ისინი აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს.
ნუგზარ დაბრუნდაშვილი ყვებოდა, რომ სავარაუდოდ, ეკლესიებისა და მონასტრების წარმომადგენლები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარელის მერსაც დაუკავშირდა, თუმცა მერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საკითხზე კომენტარი დღეს, რეგიონის ხელმძღვანელმა გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ის ყველა აჭარელის ქომაგია.
ამ ეტაპზე სასულიერო პირებს საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.