ბათუმის მერიაში სამსახურები გაუქმდა, თანამშრომლები და სახელფასო ფონდი კი საგრძნობლად გაიზარდა

05 ივლისი 2019, 12:45 3086 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 1 626 899, წლიურად კი 19 522 796 ლარი იხარჯება.  ამასთან,  მუნიციპალიტეტის 8 შპს-ს სუბსიდირებაზე 2019 წელს 13 720 200 ლარია გამოყოფილი.

ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების შენახვაზე 33,242,996 ლარს ხარჯავს, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის (154 361 000 ლარი) 21.5%-ია.  ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირებზე ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აქვეყნებს“.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში 2 497 თანამშრომელი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა.

მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებიდან 2018-2019 წლებში მივლინებებზე ყველაზე მეტი ხარჯი- 200 000 ლარი „ბათუმის სპორტულ ცენტრს” აქვს გაწეული, გაცემული პრემიების რაოდენობით კი „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება” გამოირჩევა.

ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის საწვავი „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ (9,643.37 ლიტრი) დახარჯა.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში 8 მუნიციპალური შპს-ს სუბსიდირებისთვის 13 720 200 ლარია გათვალისწინებული. ამათგან 5 იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა სპორტული კლუბია.

მუნიციპალიტეტის შპს-ებიდან ყველაზე მეტი-626 თანამშრომელი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  ჰყავს, მათგან 99 პირი შტატგარეშეა დასაქმებული.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ამასთან მესამე სექტორში თვლიან, რომ 33 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  ბათუმის მერიამ  2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად, უნდა შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ს ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. განაგრძოს სპორტული გუნდების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც ადმინისტრაციის ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს და ასევე, სპორტული გუნდების განვითარებას განაპირობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი