პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პროკურატურას მის დასაკავებლად პარლამენტის ნებართვა სჭირდება, რადგან ოპოზიციის ლიდერს დეპუტატის მანდატი იცავს. პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება. საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად, კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.
დღეს პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, გენერალური პროკურატურა და შსს კრიმინალური პოლიცია სსკ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებენ გამოძიებას. პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის პატივია, თუ გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაიჭერენ, თუკი ეს მოხდება. ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისივე თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.