როგორ შეიძლება მცირე ბიზნესი არჩენდეს სახელმწიფოს, ოჯახს, ბანკს, იხდიდეს გადასახადებს და თან კურორტს ანვითარებდეს - თემურ ჭყონია

13 ივნისი 2019, 10:31 3349 ნახვა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას საკურორტო ზონებში მცირე ზომის ბიზნესის განვითარება სურს, ის მეტი შანს უნდა სთავაზობდეს მათ და ამის გაკეთება, მხოლოდ ინდივიდუალური საგადასახადო მიდგომებით შეუძლია.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბიზნესმენი აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას და მიდგომას, რომელიც არაფერს სთავაზობს საკურორტო ზონებში ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის განვითარება.

"ერთ კონკრეტულ კურორტზე მოგიყვებით, მაგალითად ქობულეთში მცირე ბიზნესმენები აშენებენ სასტუმროებს, მაგრამ რის ხარჯზე აშენებს ან როგორ, ეს სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს. მე შევისწავლე, ისინი აშენებენ ჯერ ერთ სართულს. სეზონის შემდეგ, როცა ფული შეუვათ, აკეთებენ მეორე სართულს. ასე წვალებით, ბანკის სესხებით აშენებენ სართულს სართულზე, როდესაც შეიძლება, რომ სახელმწიფომ ინდივიდუალურად განიხილოს მცირე ბიზნესმენების წინაშე არსებული გამოწვევები, დროებით მოაცილონ მძიმე გადასახადები, სწორი რეგულაციები დაუწესონ მათ, რომ მოახერხონ ჯერ ბიზნესის დაწყება და სრაფად განვითარება, რომ დაასაქმოს ხალხი, დაძლიოს გაჭირვება. არ უნდა იყოს "ენერგო-პრო" დიქტატორი, არ უნდა იყოს ესეთი ძვირი კომუნალური გადასახადები. ქვეყნას, რომელსაც განვითარება ასე სჭირდება, გადასახადების თემა უნდა დაარეგულიროს, იმ დონეზე მაინც, რომ 5 წლის განმავლობაში კაცმა შეძლოს ყოველ წელიწადს კი არ ააშენოს თითო სართული, არამედ ერთ წელზე ააშენოს ხუთი," - ამბობს ბიზნესმენი.

"კოკა-კოლა ბოთლ ჯორჯიას"| დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სელექცირებული და ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათებით, კურორტებზე საშუალო ბიზნესი უფრო მყარად განვითარდება, უფრო მეტი მოგება ექნება სახელმწიფოს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ამით სახელმწიფო უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებს საშუალო ბიზნესისგან.  "ამის ნაცვლად ახლა რა ხდება. ესენი ბანკის აშენებენ სასტუმროებს, ყველაფერს ერთად ცდილობენ - ოჯახი არჩინონ და სახელმწიფოც შეინახონ... და ეგრე როგორ გამოვა? როგორ შეიძლება არჩენდე სახელმწიფოს, ოჯახს, ბანკს, იხდიდე გადასახადებს და ა.შ. რატომ უნდა იყოს თანაბარი მიდგომა მაგალითად თბილისსა და საკურორტო ზონებში მომუშავე ბიზნესმენებს შორის? ეს რა კომუნისტური მენტალიტეტია. იქ, სადაც სამი თვე არსებობს მხოლოდ შემოსავლის მისაღების საშუალება, ვერ გაუთანაბრდება თბილისსა და მსხვილ ქალაქებს" - მიიჩნევს თემურ ჭყონია.

ამბობს, რომ ამ თემებზე ხელისუფლებასთან არ უსაუბრია, რადგან ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული და მონდომებულ შეხვდეს ბიზნესმენებს და ისაუბროს ამ საკითხებზე. მაგალითად კი მალტა მოჰყავს, სადაც საგადასახადო სისტემები საერთოდ მოიხსნა 5-6 წლის განმავლობაში და ბიზნესს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადები დაუტოვეს. "ოღონდ მალტაში დააწესეს უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების ხელფასები და ხალხი გაამდიდრეს, მაცხოვრებლები და ხელი შეუწყეს ტურისტული ზონის განვითარებას". 

კითხვაზე ეხება თუ არა სეზონურობა მის სასტუმროს ქობულეთში და უქმნის თუ არა ფინანსურ პრობლემებს? ბიზნესმენი ამბობს, რომ  ამ პრობლემას საკუთარ ბიზნესთან  არ აიგივებს. მისი თქმით, ის მსხვილი ბიზნესმენია და ახერხებს ზამთარში სხვა ფინანასური რესურსებით ამუშაოს საკუთარი სასტუმრო, არსებული გამოწვევები კი უფრო მცირე ბიზნესის და ხელისფლების პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის განავითარდეს კურორტული ზონები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში