მეჩეთის საქმეზე დღესვე ჩანიშნეთ მხარესთან შეხვედრის დრო - მოსამართლის შეთავაზება ბათუმის მერიას

12 ივნისი 2019, 10:48 3837 ნახვა

დღეს, 12 ივნისს, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სადაო საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. 22 მაისს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმის მერიის ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნით, წელს მეორედ მისცა შანსი თვითმმართველობას, გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედროდა მოსარჩელე მხარეს, რომლებიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ და ნებართვის გაუცემლობის გამო, მერიას დისკრიმინაციის ნაწილში  ედავებიან.  

12 ივნისამდე მიცემული ვადა ბათუმის მერიამ არ გამოიყენა. გუშინ, 11 ივნისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ შეხვედრისთვის უფრო მეტ აქტიურობას მოსარჩელე მხარისგან ელოდა.

პროცესის დაწყებისთანავე, მოსამართლემ მერიას შესთავაზა, დღესვე შეხვდეს მუსლიმ თემს ან კონკრეტული პასუხით დაბრუნდნენ სასამართლო დარბაზში, როდის გაიმართება და რა ფორმატში ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ჩათვლის, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა. 

"მე გთავაზობთ შესვენებაზე გასვლას და მოპასუხე მხარესთან წასვლას დღესვე, რომ შეხვედრა შედგეს. ოღონდ დღესვე უნდა მოხდეს ეს, უნდა მოიტანოთ კონკრეტული პასუხი. მაგალიტად,  ამა და ამ დღეს უნდა შეხვდეთ, ამა და ამ საათზე თემის წარმომადგენლებს. თუ ზოგადი პასუხი იქნება, რომ ისევ მზად ხართ შესახვედრად, მაშინ სასამართლო ჩათვლის, რომ მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი ამოწურა. ხომ ამბობთ, რომ მერია ისევ იმ აზრზეა და მზადაა შესათანხმებლად?  გამოიყენეთ," - უთხრა ბეჟანიძემ მხარეებს. 

მოდავე მხარეებს მოსამართლის ეს შეთავაზება მოეწონათ და ჩათვალეს, რომ ეს იყო სასამართლოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, მაქსიმალურად გამოეყენებინა მოლაპარაკებების რესურსი და თავიდან აეცილებინა, სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება. 

"დიდი ხანია, როცა ეს დავა დავიწყეთ, მაშინვე ვიცოდით მერიის პოზიცია, რომ ის არის აბსოლუტურად უსუსური ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მერია ამ საკითხს არ წყვეტს, ამას წყვეტს ცენტრალური ხელისუფლება. პოლიტიკური ნება, რომელიც მეჩეთის აშენებას სჭირდება, მერიას არ აქვს. ბათუმის მერია არის გამოუვალ სიტუაციაში, რომ სხვადასხვა გზებით და ხრიკებით გადადოს პროცესები. გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იმ გარემოებიდან გამომდინარე, თითქოს საინიციატივო ჯგუფი არ აქტიურობს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მეჩეთი აშენდეს" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ.

მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ბათუმის მერიის წარმომადგენელი, წინა სხდომაზე აცხადებდა, რომ მერიამ უწყებათაშორის კონსულტაციები გაიარა და პოზიციები შეაჯერეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში