მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის წევრები დააკვირდებიან

07 ივნისი 2019, 13:15 1798 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის წევრები, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დააკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენი გვერდზე გამოქვეყნდა. 

სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მზაობა წერილობით დააფიქსირეს. 

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ომბუდსმენის აპარატის წევრებიც დააკვირდებიან. 

უზენაეს სასამართლოში 20 პოზიციაა ვაკანტური. მოსამართლეებს საქართველოს ისტორიაში პირველად უვადოდ აირჩევენ. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. 

აღნიშნული პირებიდან  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს კანდიდატები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს. გადაწყვეტილებას კი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მიიღებენ. 

'' უდავოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სამართლიანად შერჩევა უმნიშვნელოვანესი საკითხია, აღნიშნული პროცესი კი ათეულობით წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაღალი მნიშვნელობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის 27 მაისს მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას და სთხოვა აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.

გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, ასევე სახალხო დამცველის თხოვნით, ამავე ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა სამართლებრივი მოსაზრება და რეკომენდაციები პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

მიმდინარე წლის 30 მაისის წერილით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ დაადასტურა საკუთარი მზაობა, დააკვირდეს შერჩევის პროცესს და მის შესაბამისობას როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან'' - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხი, მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი რამდენჯერმე გახდა. ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიაც კი დატოვა. 

მოგვიანებით, უზენაეს სასამართლოში განსამწესებელ კანდიდატებთან დაკავშირებით კონკურსის პირობები და კრიტერიუმები შეიცვალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში