დღეს, 6 ივლისს, კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯიამ განცხადება გაავრცელა, სადაც გამორიცხავს ელექტრო სადენებთან ვერტმფრენის შემხებლობას.
"ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა" - წერია კომპანიის ფბ გვერდზე.
ენერგოკომპანია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.
შს სამინისტრომ გამოძიება, 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს