ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის ნაწილმა, ფოიეში ყურანიდან ამონარიდი წაიკითხა. სასამართლოში ყურანის წაკითხვის პროცესში, მლოცველებისთვის ხელი არავის შეუშლია.
როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მუსლიმებმა განუცხადეს, ისინი ლოცვას იმის სადემონსტრაციოდ კითხულობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და სამართლებრივად სურთ მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა.
ამბობენ, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ და თუ მათ სასიკეთოდ არ გადაწყდება საკითხი, მეჩეთის მშენებლობას ზუსტად ისე დაიწყებენ, როგორც ეს გააკეთეს ეკლესიის მესვეურებმა, რომლებმაც 7 ეკლესია, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ისე ააშენეს, რომ არც ნებართვა აუღიათ და არც მიწა იყო მათ საკუთრებაში.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის სარჩელის - ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემის საკითხზე არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი 12 ივნისამდე გადაიდო.