საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს საერთო ჯამში როგორ ვითარდება ქვეყანა. რეკორდულად არის გაზრდილი იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საერთო ჯამში ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
შემცირებულია იმათი რიცხვი, რომლებიც თვლიან რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება ან სწორი მიმართულებით ვითარდება.
საერთო ჯამში 46% მიიჩნევს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, 26% დარწმუნებულია რომ არ არაფერი იცვლება, ხოლო 25% მიიჩნევს რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
NDI კვლევების მიხედვით, საერთო სურათზე, პრემიერ მინისტრის საქმიანობისადმი დამოკიდებულება ნეიტრალურია. ხოლო მკვეთრად უარყოფითი (22%) და დადებითი(20%) შეფასებები ერთმანეთს უტოლდება.
უარყოფითი დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის საქმიანობისადმი. 40% ნეგატიურად აფასებს პარლამენტის მუშაობას, 33% კი ცუდად ირაკლი კობახიძის საქმიანობას.
2018 წლის დეკემბრის შემდეგ, თბილისისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას უფრო ნეგატიურად აფასებს - 64% და 66%.
“ქვეყნის ლიდერებისადმი მკაფიო უკმაყოფილება და ქვეყნის განვითარების კურსისადმი ნდობის ნაკლებობა ნათელი მესიჯია, რომელმაც პარტიებსა და არჩეული თანამდებობის პირებს საკუთარი მიდგომებისა და პოლიტიკის გადახედვისკენ უნდა უბიძგოს. 2020 წელს წარმატების მისაღწევად მათ გამჭირვალე, პოზიტიური და ინკლუზიური პოლიტიკა და დაპირებების შესრულება სჭირდებათ,” - განაცხადა ენდიაის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.