საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის, საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იჭერენ - ამ საკითხზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა.
სტუმრად მყოფმა კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ "არ არის ნორმალური, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. ქვეყანაში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს, აქ ომი არ არის. ეს ქვეყანა ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად," - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს აძლევთ საშუალებას იმოგზაურონ ევროპაში.
ფრანგული მხარე მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა.
"საფრანგეთს არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი სამედიცინო თვალსაზრისით, სამკურნალოდ ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მომსახურება. ამიერიდან, უშუალოდ იმათ მივიღებთ, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება" - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
მოგვიანებით, ჟურნალისტებმა ფრანგი მინისტრის განცხადებაზე კომენტარი საქართველოს პრემიერ მინისტრს სთხოვეს. მამუკა ბახტაძეს კითხეს ხედავს თუ არა საფრთხეს ვიზალიბერალიცაზიის შეთანხმების გაუქმებაზე, თუ საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს მასობრივად მოითხოვენ.
"ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია დიდია მონაპოვარია, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და თითოეული ქართველიც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხეებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩვენმა ფრანგმა კოლეგამ კარგად გასცა პასუხი. ჩვენ ამას ფართოდ უნდა შევხედოთ, ეს არ არის არავის მონაპოვარი, ეს საქართველოს მონაპოვარია" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.