ბათუმში 4 კვარტლის განაშენიანებისთვის 200 ათასი დაიხარჯება

17 მაისი 2017, 20:00 990 ნახვა

ფოტო: monica.on.ge

“ბათუმში, 4 კვარტლის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაქმნელად, 200 000 ლარი დაიხარჯება”, - ამის თაობაზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. ირაკლი ახალაძის თქმით,  განაშენიანების გეგმის დაჩქარებული წესით  მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც  ე.წ. ზონალურ საბჭოზე, მშენებლებმა ახალი კორპუსების მშენებლობაზე  დიდი ოდენობით ნებართვის გაცემა მოითხოვეს.

საუბარია ქალაქის 4 კვარტალის დაგეგმარებაზე, ესენია:

1. 26 მაისის, გორგილაძის, მელიქიშვილის ქუჩებსა და მემედ აბაშიძის გამზირს შორის მოქცეული ტერიტორია;

2. ჯინჭარაძის, ბარათაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია;

3.  ბაქოს ქუჩის უკან, პლაზას მიმდებარე ტერიტორია; 

4. ბარათაშვილის, დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის ტერიტორია. 

ამ ტერიტორიების  განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაქმნელად, ბათუმის მერია ტენდერის ან კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, რადგან, აღნიშნულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებია განთავსებული.

   "საკითხზე ბათუმის მერთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრეთ. გადაწყდა, რომ ბიუჯეტში ცვლილება შევა  და ერთი კვარტლის განაშენიანებისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად 50 000 ლარი გამოიყოფა. ბიუჯეტში ცვლილების შესატანად, საკრებულოს პირველივე სხდომაზე მივმართავთ"- აცხადებს ახალაძე.

  მთავარი არქიტექტორის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და მერია თითოეულ კვარტალზე  ტექნიკურ  დავალებებს შეიმუშავებენ, რის შემდეგაც სპეციალისტები კვარტალს დააგეგმარებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბათომის" ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი აცხადებს, რომ კვარტალური დაგეგმარების გაკეთება ამ ტერიტორიაზე მისაღებია. "განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. გრგ) ძველი ბათუმის ძველ, ისტორიულ უბანებში გასაკეთებელია, პრაქტიკულად ყველა კვარტალში მკაფიოდ უნდა მოხდეს რეგულაციების გაწერა და დადგენა. რაც შეეხება, გრგ ტექნიკური დავალების გაკეთებას, ისე, რომ არ მოხდეს, როგორც ბათუმის ბულვარის შემთხვევაში, აუცილებელია მის შედგენაში პროფესიონალები და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. სხვაგვარად შეიძლება ისევ პრობლემები შეიქმნას"  - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია "იკომოსის" წევრმა,  ნინო ინაიშვილმა.  

ამავე კატეგორიაში