საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ. “კაბელების საქმის” ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა გრძელდება. მოსარჩელე მხარეები სასამართლოსა და პროკურატურაში სამართალწარმოების გარკვეული პროცედურების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერები, რომლებიც გიორგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის იყო გამოყენებული, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, 14-ე და 42-ე მუხლებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება მათი შინაარსობრივი იდენტურობიდან გამომდინარე მიიღო.
გუშინ, მოსამართლეების ნაწილმა, ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მოტივით საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა.