მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია

17 ივლისი 2016, 20:00 1105 ნახვა

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია. 12 ხმით 7-ის წინააღმდეგ საკანომდებლო ორგანოს წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ახალ გუნდს ნდობა გამოუცხადეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია თანასწორობის წევრ მედეა ვასაძეს. 
   აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებას რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს გიორგი თავამაიშვილი, ხოლო სოფლის მეურნების სამინისტროს ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებენ. 
    რეგიონის პირველი პირის განცხადებით, ის ახალ შემადგენლობასთან ერთად გუნდური პრონციპით მუშაობას იწყებს. 

     კაბინეტში ორი ახალი სახეა. ლაშა კომახიძე 2008 წლიდან გაეროს განვითარების პროექტების მენეჯერად მუშაობდა.  2001-2003 წლებში კი ის ასლან აბაშიძის თანაშემწე იყო. სწორედ ეს საკითხი გახდა დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირების საგანი. სოფლის მეურნეობის მინისტრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წარსული გაახსენეს. თავად ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.  მისი გამოცდილება კი უწყების მუშაობაზე აუცილებლად აისახება. 
   კიდევ ერთი ახალი სახე, რამაზ ბოლქვაძე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელია კი ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეა. ახალბედა მინისტრი დაინტერესებულ პირებთან დიალოგს არ გაურბის და ამბობს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის. 
 
   დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებაზე საუბრობს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, აგვისტოში 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირება იწყება, რომელშიც ბევრი ახალი პროგრამა ჩაეშვება. 
 
     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პროცესები კანონის დაცვით ჩატარდა.  ავთანდილ ბერიძეს იმედოვნებს, რომ ახალი გუნდი ეფექტურად იმუშავებს. 
    
    „ეს იყო არასწორი და ბუტაფორიული გადაწყვეტილება“, - ასე აფასებენ განახლებულ შემადგენლობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებამაც კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ ცვლილებები ფასადურია და მოსახლეობის ინტერესები გათვალიწინებული არ არის. ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლასაც გამოხმაურნენ და განაცხადეს, რომ ზურაბ პატარაძე მინისტრობის კანდიდატების მხოლოდ ბიოგრაფიული ნაწილის წარდგინებით შემოიფარგლა. 
    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე, ფიქრობენ, რომ რესპუბლიკელი მინისტრის პოსტზე დარჩენა გარკვეული გარიგების ნაწილია. ერთი ხმის სანაცვლოდ გიორგი თავამაიშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.
პეტრე ახალი
   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა რესპუბლიკელმა დეპუტატმა. გიორგი მასალკინი ამბობს, რომ გარიგება არ ყოფილა და ეს მხოლოდ და მხოლოდ  კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგია. 

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში