საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

14 ივლისი 2016, 20:00 956 ნახვა

   კიდევ ერთი საკითხი, რაზეც  პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, აჭარის მთავრობის თავმჯდომრის კანდიდატად, ზურაბ პატარაძის წარდგენის პარალელურად, მისი სახელმწიფო  რწმუნებულად დანიშვნის საკითხი იყო. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პრეტენზიები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრიტიკულია, მათი განცხადებით, უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციებისას, დეპუტატებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილს პატარაძე უკვე ჰყავდა რწმუნებულად დანიშნული, რაც მათ ნაწილს კონსტიტუციის, ნაწილს კი, უმაღლესი საბჭოს უპატივცემულობად მიაჩნია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან გამოიყენა მისი კონსტიტუციური უფლება და ამ ფორმით განახორციელა ორივე პროცედურა. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნა, მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, გიორგი მარგველაშვილმა ის დეტალები გაიხსენა, რომლებიც პატარაძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნას უძღოდა წინ. იურისტების პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, მთავრობის დათხოვნის არგუმენტაციის არარსებობას ეხება, გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია. პრეზიდენტის განმარტებით, არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებული განცხადება, თანამდებობიდან  წასვლასთან დაკავშირებით, მისთვის მთავარი არგუმენტი იყო. მისივე განმარტებით, ზურაბ პატარაძის კანდიდატურის შერჩევის პროცესში, ის მთავრობასთან  და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად იყო ჩართული. 

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ  ზურაბ პატარაძე, საჭირო 11 ხმას უმაღლეს საბჭოში მოაგროვებს, თუმცა ეს, მისივე თქმით, დეპუტატების გადასაწყვეტია. თავად პატარაძე კი რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.

ამავე კატეგორიაში