დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 15 დეპუტატის მხარდაჭერით, ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ფინანსური დოკუმენტი მილიონ 63 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც მერიის წარმომადგენლები ამბობენ, ცვლილება სათამაშო ბიზნესიდან დამატებითმა შემოსავალმა გამოიწვია. აღნიშნული თანხები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს მოხმარდება.
ბიუჯეტიდან მილიონი ლარი ერისთავის ქუჩაზე 5-სართულიანი, ავარიული კორპუსის აღსადგენად და მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გაიხარჯება. ინვესტორი აღნიშნული მიწის ფართისა და თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. მერიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დადებითად გადაწყდა.
დღესვე დეპუტატებმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზეც იმსჯელეს. გადაწყდა, რომ აღნიშნული ტერიტორია პირობიანი შეთანხმების წესით განიკარგება და იქ სასტუმრო აიგება, ქალაქის ბიუჯეტში კი 978 ათასი დოლარი შევა.
ავტორი: მზია მართალიშვილი