დედებს თვეები უწევთ ლოდინი, ბავშვის საკვები უფასოდ მისაღებად - რას აკეთებენ ასეთ დროს სოცმუშაკები? 

01 აპრილი 2019, 00:00 2298 ნახვა

''გთხოვთ ნუ გვაქცევთ დამნაშავეებად,'' - ეს ფრაზა ერთ-ერთმა გაფიცულმა სოციალურმა მუშაკმა, 28 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კვების ვაუჩერების გაცემის სისტემაზე საუბრისას თქვა. ინგა დავითაძე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვებისთვის საკვების მიღება სურთ, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, ვაუჩერის მისაღებად  რამდენიმე თვე უწევთ ლოდინი. 

პროგრამულად კვების ვაუჩერის გაცემას კი, მისი ინფორმაციით, დაახლოებით სამი თვე სჭირდება. სოციალური მუშაკი იხსენებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ლოდინში 11 თვე და წერლიც გასულა. 

''როდესაც ადამიანი მოგვმართავს, რომ ჰყავს მცირე წლოვანი შვილი და ესაჭიროება საკვები, პროგრამულად დაახლოებით სამი თვეა საჭირო, რომ გავცეთ მასზე საკვები. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კვების ვაუჩერის გაცემის თანხმობა იქნება. 70% შემთხვევაში თანხმობა არ გაიცემა ხოლმე. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, რომ ბავშვი გახდა ერთი წლის, თუმცა ვაუჩერი მაინც ვერ მიიღო, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ 11 თვის გამხდარა ბავშვი და მაშინ მიიღო ვაუჩერი. ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩვენ, სოცმუშაკები ჩვენი რესურსებით ვეხმარებით ასეთ ოჯახებს,'' - თქვა თოქ-შოუ ''სათქმელში'' ინგა დავითაძემ.

სოციალური მუშაკი ყვება, რომ ხშირად მცირეწლოვანი პატარების დასახმარებლად საკუთარ მეგობრებს, ნათესავებს, ზოგჯერ ბავშვთა კვების დისტრიბუტორებსაც კი უკავშირდება. 

''მქონდა შემთხვევა, როცა ქალი მოვიდა ჩვილი ბავშვით ხელში და მითრა -  ორი დღეა ბავშვი მხოლოდ ჩაიზე მყავსო. პირველ რიგში ვავსებინებ განცხადების ფორმას და თან ვუხსნი, რომ ორი ან სამი თვეა საჭირო კვების ვაუჩერის მისაღებად. ამ დროს იცით რას ვაკეთებთ? ვუკავშირდებით მეგობარს, ნათესავს, ან ვურეკავთ დისტრიბუტორებს, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს. ძალიან უხეშად რომ ვგითხრათ ,,ვმათხოვრობთ”, ვთხოვთ რამდენიმე კოლოფ საჭმელს. ერთი შეკვრა საჭმელიც რომ მოგვაწოდოს მენეჯერმა, მთელი რიგი შეთანხმებებია საჭირო სათაო ოფისში. რატო ვაკეთებთ ამას? პირველ რიგში ეს არის ადამიანური მომენტი. და არის მეორე საკითხიც, ბავშვს რომ რამე დაემართოს, ერთადერთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში - სად იყო სოციალური მუშაკი? ვის აწერია ეს საქმე? კონკრეტულ ადამიანს აწერია და დადგება ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ ვითხოვთ, ნუ გვაქცევთ დამნაშავეებად,'' - თქვა მაუწყებლის ეთერში ინგა დავითაძემ.

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, პროტესტის მეორე დღეს კი ბათუმში ვარდების სკვერში კარავი გაშალეს. ისინი სოციალური პოლიტიკისა და ხელფასების გადახედვას, ასევე შრომითი პირობების გაუმჯობესებას, კრიზისული და ბავშვთა დღის ცენტრების გახსნას ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი