სუს-მა 4 კაციანი ჯგუფის წევრები დააკავა, რომელებიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ. არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას.
იგივე კომპანიისგან ბრალდებულებს წინასწარ 10 000 აშშ დოლარი გადაეცათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აიყვანეს თაღლითობაში ბრალდებულები.
"ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამავე კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.