''უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას'' - გაფიცვაზე ჯანდაცვის სამინისტრო

25 მარტი 2019, 00:00 1031 ნახვა

ჯანდაცვის  სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს  - განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით აკეთებენ.

„ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.

სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული. ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.

როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ასევე იმპლემენტაციაში ჩართული არიან როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე დამატებით შექმნილი არის მართვისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები.

ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილს სჭირდება გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტა.

როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

სოციალური მუშაკების აქცია დილიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სწორედ დღეს გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი ის მოთხოვნები არ შესრულდება, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებასა და სხვადასხვა სერვისების ამოქმედებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი