''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბრიფინგი გამართეს და სპეციალურად მოწყობილ დაფაზე, იმ თანამდებობის პირების ფოტოები გამოაკრეს, რომლებსაც, ასმათ დიასამიძის მტკიცებით, ოჯახის წევრები და ნათესავები აჭარის სხვადსხვა სახელმწიფო უწყებებში ჰყავთ დასაქმებული.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თქვა, რომ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის ოჯახის ყველა წევრი და მეგობრები მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. ასმათ დიასამიძის მტკიცებით "დამსაქმებლებს" შორის არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.
''ქართულმა ოცნებამ'' ამომრჩეველს უღალატა - სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, საბიუჯეტო თანხებს მხოლოდ საკუთარ ნათესავებზე ანაწილებენ' - განაცხადა ჟურნალისტებთან უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".
''როცა მაგალითი მიღებულია მაღალი ეშელონიდან, მას არც სხვა ჩამორჩება. მაგალითად ავიღოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე. მინისტრის მოადგილის მამა ქობულეთში საკრებულოს წევრია, ძმა კი ქობულეთის მერის მოადგილე. საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე, ელგუჯა ნადირაძე, ანზორ დევაძე თავისი ნათესავებით ყველანი დასაქმებულები არიან. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მთავრობას მათი დაპირება და ვალდებულება, რომ იფიქრონ ხალხზე, მოსახლეობაზე, ადამიანებზე, რომლებსაც გაუსაძლისი პირობები აქვთ და რომლებსაც ძალიან უჭირთ'', - თქვა ბრიფინგზე ასმათ დიასამიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს თემაზე მუშაობას და იმ ადამიანების პოზიციებს, რომლებიც ასმათ დიასამიძემ ნეპოტიზმში დაადანაშაულა, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.