''1430-ის ნაცვლად 300 ელექტრომობილი'' - ბულვარში მოპედის მეპატრონეები გამოსავალს ეძებენ

19 მარტი 2019, 00:00 3421 ნახვა

მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მერიას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებენ და მიმდინარე სეზონზე ზღვისპირა პარკში მუშაობის უფლებას ითხოვენ. 

ისინი დღეს ბულვარის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ, აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ბულვარის დირექტორს შეხვდნენ.

ირწმუნებიან, რომ ელექტრომობილების რაოდენობას შეამცირებენ, სიჩქარეს დაარეგულირებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ელექტრომობილების მეპატრონეებმა უთხრეს, რომ აკრძალვების შესახებ წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები, ამიტომ არ იციან საქმიანობა სად და როგორ გააგრძელონ. ტურისტულ სეზონამდე კი რამდენიმე თვე რჩება.   

ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ ის საკრებულოს დადგენილებით ხელმძღვანელობს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ირაკლი ჯინჭარაძეს მაგალითად გასულ სეზონზე, ტურისტებისა და მოქალაქეების დაშავების მაღალი სტატისტიკა მოჰყავს. 

რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით, სწორედ ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა ბათუმის საკრებულოს.  დეპუტატებმა პროექტს მხარი დაუჭირეს და 1 მაისიდან  ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდა. 

მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ. 

ამ დრომდე მოიჯარეები ხელშეკრულებას ბულვარის ადმინისტრაციასთან აფორმებდნენ, შემდეგ კი განსაზღვრულ ტერიტორიებზე მოტოციკლებს, კვადროციკლებსა და ელექტრომობილებს აქირავებდნენ.

 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი