აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის განცხადებას ბრიყვულს უწოდებს

18 მარტი 2019, 00:00 1737 ნახვა

რატომ  მოარგეს მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ქართული ოცნების მაღალჩინოსანს? - პასუხს  ნაციონალური მოძრაობა ითხოვს. რეზო ხარაზის თქმით, ქობულეთის მერიამ გასულ წელს  ტენდერი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.  ტენდერი კომპანია "შარაგზამშენი პირველმა" მოიგო.

მისივე თქმით, კომპანიამ სამუშაოები შპს "ჯორჯ ტრანს"დაუკვეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს ქობულეთის საკრებულოში ვაჟა  შავიშვილს ეკუთვნის.  რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავ კომპანიას ხელისუფლებამ ტენდერი იმიტომ მოაგებინა, რომ თანხების კომპენსირება მოახერხოს. ოპოზიციის წევრი მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა თანაგუნდელების მიერ  უფლებამოსილების გადამეტებაზე.

ბრალდების ადრესატი განმარტავს, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს მის ძმიშვილს ეკუთვნის და ამაში ვაჟა შავიშვილი პრობლემას ვერ ხედავს. ოპონენტებს კი არაკომპეტენტურებს უწოდებს.  მთავრობის თავმჯდომარე განცხადებას ბრიყვულს უწოდებს და აღნიშნავს რომ ნებისმიერი ტენდერი კანონის შესაბამისად ტარდება და თუ კი რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, მას შესაბამის ორგანოები შეისწავლიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი