მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტს ორი კანონპროექტი წარედგინება

11 მარტი 2019, 00:00 1324 ნახვა

პარლამენტს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი წარედგინება. ერთი პროექტი, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზადებული.“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

რაც შეეხება მეორე პროექტს,  ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი