ბარცხანის ხიდის შეკეთებით კომპანიები მოუცლელობის გამო არ ინტერესდებიან - ბათუმის მერია

07 მარტი 2019, 00:00 2664 ნახვა

ე.წ. ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციას მერია ვერ იწყებს, რადგან ელექტრონული ტენდერი უკვე მეორედ ჩავარდა. 

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაინტერესებულ კომპანიებს ხიდის სარეაბილიტაციოდ (დღგ-ს გათვალისწინებით) 778 140 00 ლარს სთავაზობდა.

წინადადებების მიღების ვადა, გუშინ, 6 მარტს, 18 საათზე ისე ამოიწურა, რომ არც ერთი კომპანია სამუშაოების ჩატარებით არ დაინტერესებულა.

ბათუმის მერია ეძებდა კომპანიას, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული. 

როგორ აპირებს მერია ამ პრობლემის გადაჭრას და რატომ არ დაინტერესდნენ კომპანიები აღნიშნული წინადადებით? საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც ანალოგიურ სამუშაოებს ახორციელებენ დაკავებულები არიან.

''არიან კომპანიები, რომლებიც აკეთებენ ხიდებს, მაგრამ ბევრი საქმე გვაქვს აღებული და არ გვცალიაო. რა ვიზამთ სამომავლოდ, ჯერ ვერ გეტყვით პასუხს, მარტო მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. სამუშაოების პირდაპირი წესით გადაცემაც კომპანიისთვის შესაძლებელია. თანხის ცვლილებაზე საუბარი არ არის, უფრო დიდი საქმეები გვაქვს აღებულიო ასე გვეუბნებიან. ბათუმში ერთი კომპანია ასრულებს მსგავს სამუშაოებს და ის დაკავებულია, როდესაც ვეხმიანებით ხოლმე," - ამბობს სულხან ევგენიძე.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ქუჩების გადაკეტვისა და გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე დასრულდეს. მერიაში ამბობენ, რომ პარალელურად ქალაქში kfw აწარმოებს სამუშაოებს (წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად). 

"საპატრულოს წარმომადგენლებსაც შევხვდით, რამდენიმე მონაკვეთზე გზის ჩაკეტვა აუცილებელია და სეზონამდე მაქსიმალურად გვინდა ქუჩები გადაკეტილი არ იყოს'' - ამბობს სულხან ევგენიძე.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ''ბარცხანის'' სახიდე გადასასვლელი მოუვლელია და მას რეაბილიტაცია აუცილებლად სჭირდება. იმის გამო, რომ ხიდსა და ტროტუარებზე სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ქსელი გადის, მერია რეაბილიტაციის დროს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას ითხოვს. თუ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, ხიდზე მოძრაობა, ეტაპობრივად, ცალმხრივად შეიზღუდება. 

ე.წ. ბარცხანის ხიდი კომუნისტების დროს აშენდა და კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი